პოლიტიკა

ვენეციის კომისია: პარტიების აკრძალვის კანონით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციულია

ვენეციის კომისია: პარტიების აკრძალვის კანონით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციულია

ვენეციის კომისიამ 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. კომისიის შეფასებით, აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს. კომისია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად მიღებული კანონმდებლობა შესაძლოა თავად უქმნიდეს კონსტიტუციას სერიოზულ საფრთხეს.

დასკვნა ეხება 2025 წლის 16 ოქტომბერს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს. ისინი აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის სამართლებრივი შედეგების დაწესებას ითვალისწინებს.

კომისიის შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ 2025 წლის ოქტომბერში მიღებული პაკეტი დემოკრატიის დაცვის აუცილებლობით იყო განპირობებული, იმ გამონაკლის გარემოებაში, როცა დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვა უწევს. კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის პარტიის ცალკეული წევრების მიმართ, მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნისა და პროპორციულობის მოთხოვნების დაცვით შეიძლება იყოს გამართლებული.

დასკვნის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, გადაწყვიტოს აკრძალულ პარტიებთან „დაკავშირებული“ პირებისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხი. კომისიის შეფასებით, ეს უფლებამოსილებები არ არის გათვალისწინებული არც ამ კანონის მე-19 მუხლით, არც კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტით. კონსტიტუცია განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, ორგანული კანონი კი პროცედურას არეგულირებს. კომისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა შეისწავლოს შეშფოთება, რომ ცვლილებები სასამართლოს უფლებამოსილებებს კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე აფართოებს. ამავდროულად, ხაზს უსვამს, რომ სამართლებრივი ცვლილებების კონსტიტუციურობის შეფასება მის კომპეტენციაში არ შედის.

ცვლილებებით გათვალისწინებული შეზღუდვები მოიცავს პარტიის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან მასში გაწევრიანების აკრძალვას, პარტიის აღმასრულებელ ან ზედამხედველობით ორგანოებში საქმიანობის შეზღუდვას, საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობის დაკავების აკრძალვას, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელობისა და საერთო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების შეზღუდვას. დასკვნის მიხედვით, ეს შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კომისია მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს განსაზღვრულობასა და განჭვრეტადობას, რადგან საკვანძო ცნებები, მათ შორის აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებული“ პირის ცნება, ზედმეტად ფართოდ და ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული. ეს ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს. შეზღუდვები ამოქმედდება პარტიის აკრძალვის შედეგად, თითოეული პირის ქცევის, პასუხისმგებლობისა და განზრახვის ინდივიდუალური შეფასების გარეშე, რაც ქმნის საფრთხეს, რომ პირებს პასუხისმგებლობა მხოლოდ კონკრეტ პარტიასთან კავშირის გამო დაეკისროთ.

პრობლემურად ითვლება შეზღუდვების ერთობლიობაც: პარტიებიდან, არჩევნებში მონაწილეობიდან, საჯარო თანამდებობებიდან და წარმომადგენლობითი მანდატებიდან ერთდროულმა გამორიცხვამ შესაძლოა პოლიტიკური უფლებების არსებითი ნაწილი დააზიანოს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეზღუდვების მკაფიო ვადებსა და მათი ეფექტიანი გადახედვის მექანიზმებს. კანდიდატების საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებამ ან მანდატების შეწყვეტამ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაჩქარებული პროცედურებით, შესაძლოა საარჩევნო კონკურენცია და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლება დაამახინჯოს.

კომისიის საბოლოო შეფასებით, კანონმდებლობა არ ემსახურება დეკლარირებულ მიზანს: კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ძალადობრივი შეცვლისგან, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისა და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებისგან. მის ნაცვლად, კომისიის აზრით, კანონმდებლობა მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლების არაპროპორციულ და გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.

კომისია ყურადღებას ამახვილებს ცვლილებების ერთობლივ გავლენაზეც. მისი თქმით, ბოლო ცვლილებებმა გააფართოვა პარტიების აკრძალვის საფუძვლები და რვა წლით აუკრძალა „უცხოეთის აგენტისთვის“ მომუშავე ნებისმიერ პირს პოლიტიკურ პარტიაში ან „გამოცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაში“ გაწევრიანება.

„კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა, შესაბამისად, მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასკვნის მომზადებისას მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავს. კომისია აცხადებს, რომ დიალოგისთვის კვლავ მზად არის და ამ საკითხზე შემდგომ დახმარებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც სთავაზობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ