პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე პროცესები 21-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე პროცესები 21-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე პროცესები ჩაინიშნა. იგივე ინფორმაცია მოგვიანებით „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამაც გაავრცელა.

კუპრაძის სიტყვებით: „დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად: 21 ოქტომბერი; 22 ოქტომბერი; 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ქვია!“

სიჭინავა წერს, რომ მათ სარჩელი არ ჩაჰბარებიათ, შესაბამისად, არც პოზიცია აქვთ წერილობით გაგზავნილი.

13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.

სარჩელით „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. მათ შორისაა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელში „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ასაკრძალი პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.

იმავე დღეს საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ. სასამართლოს განმარტებით, ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა. კობახიძეს უფლებამოსილება 4 თვეში, 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა. 12 ოქტომბერს მან პარტიების აკრძალვის საქმიდან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ