რუსკა მჭედლიძის თქმით, მანდატურის შეურაცხყოფის გამო მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

აქტივისტი რუსკა მჭედლიძე აცხადებს, რომ მის მიმართ მანდატურის შეურაცხყოფის საბაბით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. პროცესი 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
საქმე 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს უკავშირდება. იმ დროს ადმინისტრაციული კოლეგია „ბიძინა *ლეა – კი! არა!“ ბანერების საქმეებს განიხილავდა. 28 ივლისის ღამით მანდატურებმა მოქალაქეები, რომლებიც საკრებულოსთან დაკავებულების პროცესს ელოდებოდნენ, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მანდატურებმა რუსკა მჭედლიძეზე და ადვოკატ მარიკა არევაძეზე იძალადეს.
სასამართლოში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
13 ოქტომბერს რუსკა მჭედლიძემ დაწერა, რომ ეს გამოძიება „თაროზე შემოიდო“, მის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო სამართალწარმოება. ეს მუხლი პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
„მიჩივიან სისტემურად მოძალადე მანდატურები დავით მატიაშვილი, ოთარ კვინიკაძე და გოჩა ნანობაშვილი, რომლებმაც 28 ივლისს უსამართლო სასამართლოს ეზოში დამალურჯეს და თავად ჩაიდინეს დანაშაული.
ჩემს დალურჯებულ სხეულზე ექსპერტიზა ჩატარდა, ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 133 მუხლის მესამე ნაწილით მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და თაროზე შემოდო.
შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, რომელიც საერთოდ არ აქვთ, 76 დღის შემდეგ გაახსენდათ! თურმე, შეურაცხყოფასაც ჰქონია ინკუბაციის პერიოდი, ჯერ უნდა დაძველდეს, მერე სამართლებრივ ძალას იძენს“, – წერს რუსკა მჭედლიძე.









