ჩეჩელაშვილი: პარტიების აკრძალვით ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევა

„ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებლის, ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ქვეყანის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის ნიშანი იქნება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ჩეჩელაშვილმა თქვა, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი: ვინ აძლევს ხმას, ვინ მონაწილეობს არჩევნებში, ვინ ითვლის ხმებს და ვინ აჯამებს შედეგებს. მისი თქმით, სამივე კომპონენტში სერიოზული ხარვეზებია. „პოლიტიკური პარტიების გარეშე არჩევნების ჩატარება საერთოდ რამდენად იძენს აზრს, ჩემთვის ცოტა რთული გასაგებია“, - განაცხადა მან.
პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციისთვის, მისი თქმით, პარტიებს უნდა ჰქონდეთ არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ჩეჩელაშვილის შეფასებით, აკრძალვის შემთხვევაში საერთაშორისო არენაზე საქართველოს იზოლაცია გაიზრდება. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო რთულ ფაზაში შევა“, - თქვა მან.
კითხვაზე, რატომ დააჩქარა „ქართულმა ოცნებამ“ პარტიების აკრძალვის პროცესი და უკავშირდება თუ არა ეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას, როგორც ერთგვარი შანტაჟი, ჩეჩელაშვილმა უპასუხა, რომ აკრძალვა ევროპელებზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს და ქვეყანას დიდ ზიანს მოუტანს.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ლოგიკაზე საუბარი რთულია, რადგან ეს ძალიან დახურული პოლიტიკური სისტემაა და უცნობია, როგორ მიმდინარეობს შიდა მსჯელობა და არის თუ არა იქ ალტერნატიული აზრი. ჩეჩელაშვილმა დაამატა, რომ გადაწყვეტილებებზე უპირობო გავლენა საპატიო თავმჯდომარეს აქვს.
მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის: საზოგადოებრივ ველზე მისი ერთ-ერთი იარაღი გამჭვირვალეობის პრინციპია, თუმცა საკუთარ მოქმედებებთან დაკავშირებით ეს პრინციპი არ ფუნქციონირებს.
„თუ „ქართული ოცნება“ ამისთანა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს, ეს არის ძალიან წინდაუხედავი და ახლომხედველური დამოკიდებულება იმიტომ, რომ ევროპელების გადაწყვეტილებაზე ეს დადებით გავლენას ვერ მოახდენს და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას იმიტომ, რომ ჩვენ შევალთ ძალიან ღრმა იზოლაციაში“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.









