მსოფლიო

MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი „ნომერ პირველი აგრესორია“, სახელმწიფო საფრთხეებზე „ცივი ომის“ დროზე მეტ რესურსს ვხარჯავთ

MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი „ნომერ პირველი აგრესორია“, სახელმწიფო საფრთხეებზე „ცივი ომის“ დროზე მეტ რესურსს ვხარჯავთ

გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახური MI5 სახელმწიფო საფრთხეებთან ბრძოლას „ცივი ომის“ პერიოდზე მეტ რესურსს უთმობს. ამის შესახებ სამსახურის ხელმძღვანელმა სერ კენ მაკკალუმმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უცხოელი მოწინააღმდეგეების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ოთხჯერ გაიზარდა. მაკკალუმმა რუსეთი „ნომერ პირველ აგრესორად“ დაასახელა და დასძინა, რომ გაიზარდა ირანთან დაკავშირებული აგრესიაც ებრაული ობიექტებისა და სამხედრო ბაზების წინააღმდეგ.

მაკკალუმის განმარტებით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ხელოვნური ინტელექტი კი თავდამსხმელებსა და დამცველებს შორის კიბერუსაფრთხოების კონკურენციას აძლიერებს. მისი თქმით, MI5-მა „გამოავლინა ტერორისტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებას ცდილობდნენ“, მათ შორის ამ ტექნოლოგიის დრონებთან ინტეგრირების გზით. ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით ყველაზე დიდ საფრთხედ მან ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ამ ტექნოლოგიის გამოყენება დაასახელა ახალი და უკვე არსებული ბიოლოგიური იარაღის შესაძლებლობების გასაფართოებლად.

სერ კენის თქმით, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ „ჩვეულებრივ ომზე“ არ გადასულა და ამის ნაცვლად ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციას ცდილობს, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას კი „უმნიშვნელო და ძვირადღირებული“ წინსვლა ახლავს. მისი განცხადებით, MI5-ის წარმატებულმა ოპერაციებმა, რომელთა შედეგადაც დიდ ბრიტანეთში რუსი ჯაშუშები გამოავლინეს და ქვეყნიდან გააძევეს, კრემლი აიძულა, დაგეგმილი თავდასხმების განსახორციელებლად შემსრულებლებისთვის ფული გადაეხადა.

„უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, თითქმის 1 000 რუსი დიპლომატისა და აგენტის გაძევებამ კრემლს ტრადიციული ფარული ქსელი პრაქტიკულად გაუნადგურა, რის გამოც მისი გლობალური ოპერატიული შესაძლებლობები შესუსტებულია“, — განაცხადა მაკკალუმმა.

მას პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის ბოლოდროინდელ განცხადებაზეც დაუსვეს შეკითხვა, რომ რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია. მაკკალუმმა უპასუხა, რომ ეს ახალი ამბავი არ არის და არსებობს განსხვავება ჩარევის მცდელობასა და მიღწეულ შედეგს შორის.

მისივე თქმით, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთის მედიაში ქვეყნდებოდა მასალები და მოქმედებდნენ „ე.წ. ინტერნეტტროლები და ბოტების ფაბრიკები“, რომელთა მიზანიც „ბრექსითის“ შესახებ დებატებზე გავლენის მოხდენა იყო. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგი „ეჭვქვეშ არ დგას“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ