საპატრიარქომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია არ მისცა

საქართველოს საპატრიარქომ ტელეკომპანიების „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აკრედიტაცია არ მისცა.
ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. მისი განმარტებით, ამ ორ ტელევიზიას აკრედიტაცია არ ექნება, რადგან „მუდმივად არღვევდნენ ამ ტელევიზიების ჟურნალისტები შინაგანაწესს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს ღვთისმსახურების პროცესში“.
მომხდარს გამოეხმაურა ნოდარ მელაძე. მისი თქმით, ხანგრძლივი კომუნიკაციის მიუხედავად, ანდრია ჯაღმაიძე ამ დრომდე (20:00 საათი) არ აწვდის ბრძანებას, რომლის თანახმადაც ჟურნალისტების აკრედიტაციები ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაუქმდა.
„ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“, – წერს ნოდარ მელაძე.
მელაძის განცხადებით, აინტერესებთ, რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა ჯაღმაიძის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მიმოწერისას ჯაღმაიძემ მიზეზად 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი დაასახელა. იმ დროს საეპისკოპოსო კრების სხდომაზე, პირიქით, ჟურნალისტები იყვნენ დაზარალებულები და მოაჯირის გადმოვარდნისას დაშავდნენ.








