მიშო სულუხია წერს, რომ ლისთან პოლიციამ მასზე იძალადა, შსს კი სხვა ვერსიას ასახელებს

მუსიკოსმა მიშო სულუხიამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა, რომლებიც სამართალდამცველებად წარმოადგენდნენ თავს, ლისთან გააჩერეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სულუხიას თქმით, მისი ტაქსის გზა გადაუკეტეს და მანქანიდან გადასვეს. პირებმა, მისივე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგინეს. მუსიკოსი ამბობს, რომ ალყაში მოაქციეს, გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს და ტელეფონზე შემავალ ზარს პასუხის საშუალება არ მისცეს. მისივე თქმით, დათვალიერებისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა და ფხიზელი იყო.
სულუხია წერს: „დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ.“ მისი თქმით, ხედავდა, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გაექცა.
მუსიკოსის განმარტებით, შვიდიდან ვერცერთმა შეძლო მისი დაწევა. ამჟამად ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც არ იცის, დაკავებული ჰყავთ და მუქარით სთხოვენ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული. სულუხია ამბობს, რომ ტყეში გადაადგილების შემდეგ ახალგაზრდებს სთხოვა დახმარება, რათა ფეისბუქთან წვდომა ჰქონოდა და განცხადება დაეწერა.
„მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“, – წერს მუსიკოსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სულუხია ლისის მიმდებარედ, ტყის მასივში ქვეითად საეჭვოდ გადაადგილდებოდა და სამართალდამცველებმა ის გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამინისტროს ინფორმაციით, ის წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
შსს-ს თქმით, მან პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაუმორჩილა, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ადგილზე, დადგენილი წესით, დალუქეს მობილური ტელეფონი და ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
წყარო: პუბლიკა

