გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა 25 ოქტომბერს შსს-სთან აქციას მართავს

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, 25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავს.
ბიბილაშვილის თქმით, მან გურამ დადიანიძის საქმის თბილისში გადმოტანა მოითხოვა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
„ახლა მჭირდებათ თქვენი ფიზიკური გვერდში დგომა, ვინაიდან საქმის გადმოტანა მოვითხოვე თბილისში, რის შედეგადაც პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ვაანონსებ აქციას 25 ოქტომბერს, საღამოს 17:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ყველა დედას, ყველა ნაცნობს და უცნობს, გთხოვთ დამიდგეთ გვერდში, ვიპოვო ჩემი ერთადერთი შვილი და სამართალი“, - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, რადგან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.






