ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველო აშშ-ის ანგარიშის უმაღლეს საფეხურზე რჩება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის 8 ოქტომბრის ანგარიშში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების მხრივ საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა. ქვეყანა მე-11 წელია უწყვეტად რჩება „პირველ კალათაში“. 188 ქვეყნიდან ამ კატეგორიაში მხოლოდ 33 ქვეყანაა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის. უწყების თქმით, სწორედ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ძალისხმევა განაპირობებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას.
ანგარიშში ხაზგასმულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების, აგრეთვე მსხვერპლთა დაცვისა და კომპენსაციის მიმართულებით.
პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას, დამნაშავეთა მიმართ მკაცრი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასა და ტრეფიკინგის დაზარალებულის სისხლისსამართლებრივი წესით რესტიტუციას. დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულო წესით ჩართულობა და პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები.
2026 წელს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით HELP პროგრამის სასწავლო კურსი „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ ჩატარდა. წარმატებით გადამზადდა 17 პროკურორი და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
2016-2026 წლებში პროკურორის გადაწყვეტილებით სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 94 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო. სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით, დევნა 36 პირის მიმართ დაიწყო, არასრულწლოვნის ტრეფიკინგზე, 143² მუხლით, 57 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგზე, 143¹ და 143² მუხლებით, ერთი პირის მიმართ.
პროკურატურა აცხადებს, რომ ტრეფიკინგის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს.

