საზოგადოება

სახალხო დამცველმა დავითაძის ადვოკატის განცხადება სიცრუედ შეაფასა, ადვოკატმა კი უპასუხა

სახალხო დამცველმა დავითაძის ადვოკატის განცხადება სიცრუედ შეაფასა, ადვოკატმა კი უპასუხა

სახალხო დამცველის აპარატმა სიცრუე უწოდა პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა. ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა აპარატის განცხადებას თავადაც გამოეხმაურა.

სულაშვილმა 8 ოქტომბერს TV პირველის გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა, რომ 2025 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც დავითაძის თქმით, მასზე სექსუალურად იძალადეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას მან თავად მოითხოვა ექსპერტიზა ძალადობის დასადასტურებლად. ადვოკატის თქმით, წარმომადგენლისგან იყო რეკომენდაცია, რომ ექსპერტიზა 72 საათში უნდა ჩატარებულიყო და მხოლოდ მაშინ იქნებოდა დაზიანების დადგენა შესაძლებელი. შეხვედრისას კი შემთხვევიდან 72 საათზე მეტი იყო გასული და ექსპერტიზა აღარ ჩატარდა.

სულაშვილის სიტყვებით: „ეს არ იყო ინიციტივა გამოძიებისგან, თვითონ გიორგი მოითხოვდა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციით, ფაქტობრივად, გადააფიქრებინეს“.

სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ დოკუმენტურად, პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტით, დასტურდება: გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა. აპარატის განმარტებით, მან თავისი მანდატის ფარგლებში დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა, მისი მიმართვის საფუძველზე კი გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო და მონიტორინგი დღემდე გრძელდება. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს.

სულაშვილის პასუხით, აპარატის განცხადება ადასტურებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საკითხზე საუბარი ნამდვილად შედგა და რომ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატივა დავითაძისგან მოდიოდა. ადვოკატი ამბობს, რომ დოკუმენტის შინაარსზე ტელეეთერში არაფერი უთქვამს და ახლა განმარტავს: დავითაძემ გუშინდელი ვიზიტისას უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც გაურკვეველი ნივთიერებები გადაყლაპა, მასთან კვლავ შევიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თავად შეახსენა, რომ წინა წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა მასთან.

დავითაძის მონათხრობით, მან წარმომადგენელს სთხოვა დოკუმენტის შედგენა, რომელშიც დეკემბერში ექსპერტიზის თაობაზე გამართული საუბრის შინაარსი აისახებოდა და წარმომადგენელი მას საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებდა. დავითაძე იხსენებდა, რომ წარმომადგენელმა საუბრისას შეახსენა, თუ როგორ ურჩია დეკემბერში ექსპერტიზის საკითხი ადვოკატთან გაევლო. დავითაძის განმარტებით, ამაზე მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ დოკუმენტი შემდგარიყო. საბოლოოდ დოკუმენტი შედგა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მას ხელი მოაწერა.

სულაშვილი წერს, რომ ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. მისივე თქმით, დოკუმენტის არსებობა, ზუსტი შინაარსი და მასში ასახული გარემოებები სათანადოდ უნდა იქნეს განმარტებული. ადვოკატმა „დისკრედიტაციის“ მნიშვნელობაც განმარტა და დასძინა, რომ საზოგადოებას თავად შეუძლია შეაფასოს, ვის მიმართ იქმნება დისკრედიტაციის საფრთხე.

გიორგი დავითაძის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, გაუპატიურებაში ბადრაგების დადანაშაულების შესახებ 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც პატიმარი ამბობს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ „ბადრაგმა გააუპატიურა“. მისი თქმით, ბადრაგები მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა და ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატიც იყო ინფორმირებული.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი უხმო ვიდეოკადრები. უწყების განმარტებით, საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. ამის შემდეგ თანამშრომლებმა შემოწმება იძულებით ჩაუტარეს, ელექტროდეტექტორის გამოყენებით. სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა, დირექტორმა გიორგი პატარიძემ კი მე-6 დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.

დავითაძის დედის თქმით, გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს, პროკურორმა კი ოჯახს დაახლოებით 20-წუთიანი მასალა აჩვენა. სახალხო დამცველის აპარატის 2 ოქტომბრის განცხადებით, სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც გამოძიება დაიწყო. მოქმედმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ვიდეოში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა. ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, სოციალურ ქსელში დაწერილი შეფასებით, ვიდეო „უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ