სტუ-ში ქართულ-გერმანული სტუდენტური კონფერენცია GGSC-2026 გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“ გაიხსნა. მას ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ერთობლივად აწყობენ. ღონისძიების მიზანია ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტური სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის გაფართოება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
კონფერენცია გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი მარიო ნოიგებაუერი მიმართა. ღონისძიებაზე ორი ქვეყნის სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.
თალიკო ჟვანიას თქმით, GGSC ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც საქართველოსა და გერმანიის სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ საზოგადოებას საერთო სამეცნიერო სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა მისცეს, წარადგინონ საკუთარი კვლევები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, განიხილონ აქტუალური საკითხები და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები.
დეკანის განმარტებით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც სტუდენტთა სამეცნიერო კომპეტენციების განვითარებას, ისე უნივერსიტეტებს შორის მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. GGSC სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი აკადემიური საქმიანობა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ, მიიღონ განსხვავებული კვლევითი გამოცდილება და გააფართოონ პროფესიული ურთიერთობები.
კონფერენციის ფარგლებში წარდგენილი იქნება სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით. მონაწილეები აკადემიურ საზოგადოებას საკუთარ კვლევებსა და შედეგებს გააცნობენ, რაც სამეცნიერო დისკუსიას, კვლევითი ინტერესების წარმოჩენასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
2026 წლის კონფერენციაში დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 10 სტუდენტი და ორი პროფესორი მონაწილეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სტუდენტთა ნაშრომების გამოქვეყნებაა: კონფერენციის კრებულს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი გამოსცემს. ეს ქართველი და გერმანელი სტუდენტების კვლევით შედეგებს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოაჩენს და მათ ცნობადობას გაზრდის.
კონფერენცია, გარდა ნაშრომების წარდგენისა და გამოცდილების გაზიარებისა, საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობასა და ახალი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობების ჩამოყალიბებასაც ემსახურება.





