ავტომფლობელებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურის რეგულაციის გაუქმება მოითხოვეს

ავტომფლობელებმა და ავტომოყვარულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. ისინი ღამის საათებში ავტომობილების ხმაურის შემზღუდველი რეგულაციის გაუქმებას, უკვე დაკისრებული ჯარიმების ანულირებას, გადახდილი თანხების დაბრუნებასა და მანქანების ჩამორთმევის პრაქტიკის შეჩერებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, მოქმედი რეგულაციები არათანაზომიერია, საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამოა და ავტომფლობელების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.
2025 წლის 25 დეკემბერს მთავრობამ №584 დადგენილება გამოსცა. მისი მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილით გამოწვეული ხმაურის მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრად 80 დეციბალი განისაზღვრა. გაზომვის წესის მიხედვით, ხმის მზომი ხელსაწყო ავტომობილის მაყუჩიდან 50 სანტიმეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ქუჩებში ავტომობილებს აჩერებენ და ამოწმებენ, მათ შორის მაშინაც, როდესაც მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არ არღვევენ. მათივე ინფორმაციით, შემოწმებებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს ავტო და მოტოპარკის დიდი ნაწილი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მძღოლები ჯარიმდებიან და მართვის მოწმობის ქულებს კარგავენ. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს როგორც ძველი, ისე ქარხნულ მდგომარეობაში მყოფი ახალი ავტომობილები და მოტოციკლები. მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამ საკითხზე არაერთი საჩივარია შესული.
ავტომფლობელები მიიჩნევენ, რომ №584 დადგენილება ეწინააღმდეგება 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებას, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესები განისაზღვრა. 2017 წლის დადგენილებით ტექნიკური ინსპექტირებისას ხმაურის დასაშვები მაჩვენებელი 95-105 დეციბალია. მათი შეფასებით, წინააღმდეგობრივია, როდესაც ავტომობილი ინსპექტირებას წარმატებით გადის, თუმცა ღამით გადაადგილებისას მძღოლი შესაძლოა დაჯარიმდეს.
განცხადების ავტორები 80 დეციბალის ზღვრის განსაზღვრის მეთოდოლოგიასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მიუთითებენ, რომ გაუგებარია, რა საფუძვლით შეირჩა ეს მაჩვენებელი. მათი განმარტებით, დასავლურ პრაქტიკაში 80 დეციბელი, როგორც მათთვის ცნობილია, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებიდან, საათში 50 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი ავტომობილის ხმაურის გაზომვას უკავშირდება. ამ მაჩვენებლის 50 სანტიმეტრის დაშორებით გაზომვისას გამოყენებას ისინი მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ შეცდომად მიიჩნევენ.
ავტორები შემოწმების მეთოდსაც აკრიტიკებენ: ხმაურის გაზომვა ძრავის მაქსიმალური ბრუნვის ნახევარზე და ყველაზე ხმაურიან რეჟიმში ხდება, რაც, მათი აზრით, შემოწმების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს. მათივე თქმით, ყოველდღიური გადაადგილებისას ძრავის ასეთი ბრუნვა საჭირო არ არის, თანამედროვე ავტომობილებს კი სხვადასხვა რეჟიმი აქვთ, მათ შორის ქალაქის, ტრასისა და სარბოლო ტრეკის. სარბოლო რეჟიმში შემოწმებას ისინი არასწორად თვლიან.
განცხადებაში წერია, რომ „მოქმედი რეგულაციით ქვეყანაში, მშვიდობიან პირობებში, ფაქტობრივად, „საავტომობილო კომენდანტის საათი“ დაწესდა, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა“. ისინი მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად გადაადგილების უფლება უნდა ჰქონდეთ და ამას კონსტიტუციის მე-14 მუხლს უკავშირებენ.
ავტომფლობელები იმასაც ხაზს უსვამენ, რომ ღამით ხმაურით შეწუხებული მოქალაქეების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. მათი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მძღოლების ქცევა, რომლებიც უხეშად არღვევენ საგზაო წესებს, ახორციელებენ სახიფათო მანევრებს, დრიფტს ან აჭარბებენ სიჩქარეს. თუმცა, მათი აზრით, ეს არ ამართლებს მძღოლების ფართო წრის მიმართ ასეთი მკაცრი და საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამო შეზღუდვის დაწესებას. ისინი შსს-ს მოუწოდებენ, კონკრეტულ სამართალდამრღვევებზე გაამახვილოს ყურადღება და ისინი დააჯარიმოს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ №584 დადგენილების გაუქმებას და ახალი რეგულაციის მიღებას, რომელიც №510 დადგენილებასა და ტექნიკური ინსპექტირების ნორმებთან იქნება თანხვედრაში. მათი მოთხოვნით, ხმაურის დასაშვები ზღვარი მინიმუმ 105 დეციბელით უნდა განისაზღვროს. ასევე მოითხოვენ №584 დადგენილების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას და გადახდილი თანხების დაბრუნებას.
ავტომოყვარულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილში გამოყენებულ ტერმინზე „გადაკეთებული მაყუჩი“ მიუთითებენ. მათი თქმით, ამ ჩანაწერის საფუძველზე ბოლო წელიწად-ნახევარში არაერთი ადამიანი დაჯარიმდა, ავტომობილები და მოტოტექნიკა კი ჩამოართვეს. ისინი ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ და პრემიერ-მინისტრს პარლამენტთან შუამდგომლობას სთხოვენ.
ავტორების შეფასებით, პოლიციელს ქუჩაში, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, მაყუჩის გადაკეთებულად მიჩნევისთვის საკმარისი ცოდნა და ტექნიკური საშუალებები არ აქვს. მათი აზრით, ეს ექსპერტის კომპეტენციაა, ხოლო პოლიციელის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილების გადამეტებაა და შესაძლოა, კანონით დასჯად ქმედებასაც წარმოადგენდეს. მაგალითად მოჰყავთ დანა: მათი განმარტებით, დანის აღმოჩენისასაც ნივთი ექსპერტიზაზე იგზავნება და პასუხისმგებლობა დადებითი დასკვნის საფუძველზე ეკისრება. ისინი მიიჩნევენ, რომ კონტროლი ხმაურის დასაშვები დონის მიხედვით უნდა განხორციელდეს და თუ გადაკეთებული მაყუჩის მქონე ავტომობილი ზღვარს არ აჭარბებს, ეს თავისთავად სამართალდარღვევად არ უნდა ჩაითვალოს.
განცხადების ავტორები ითხოვენ ამავე მუხლის მე-9 ნაწილის სრულად გაუქმებასაც, რომლის საფუძველზეც, მათი თქმით, სატრანსპორტო საშუალებას 10 დღით ართმევენ. მათი შეფასებით, ეს ჩანაწერი მუხლის შენიშვნას ეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, რომ ჩამორთმევა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა სავალდებულო წესით ხდება, ჯარიმის გასაჩივრების და მფლობელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემთხვევაშიც კი კი ავტომობილს ან მოტოტექნიკას მესაკუთრეს ზოგჯერ თვეობით არ უბრუნებენ. ავტომფლობელები ამას საკუთრებით სურვილისამებრ სარგებლობის უფლების დარღვევად და ზეწოლის მექანიზმად მიიჩნევენ.
კობახიძეს ისინი მორატორიუმის გამოცხადებასაც სთხოვენ: სანამ ცვლილებები განხორციელდება, შეჩერდეს მძღოლების დაჯარიმება და ავტომობილებისა თუ მოტოტექნიკის ჩამორთმევა. მათი თქმით, მოქალაქეები წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამართლიანი რეგულაციის მიღებას ელოდნენ, თუმცა ხმაურის რეგულაციის შემოღებასა და საზომი ტექნიკის შეძენას ერთ წელზე მეტი დასჭირდა, ზღვარი კი, მათი შეფასებით, არასწორად განისაზღვრა. ავტორები აცხადებენ, რომ მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისა და დიალოგისთვის.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მუშაობენ ავტომობილების ხმაურის ზღვრის 85 დეციბალიდან 100 დეციბალამდე აწევაზე. მისი თქმით, შეზღუდვები მოქმედებს, რადგან მოსახლეობა ჭარბ ხმაურზე ჩიოდა, თუმცა გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესებიც.
„აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



