თბილისში „შაბათის მარში“ გაიმართა, მას დავითაძის ოჯახი შეუერთდა

თბილისში ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მარში პარლამენტთან დასრულდება.
მსვლელობას შეუერთდნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. გიორგი დავითაძის დამ, ლიკა დავითაძემ, მსვლელობის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს პატიმრების მხარდაჭერისა და მათ მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდა.
„მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სისტემის მხრიდან მსხვერპლნი და ჩაგრულები არიან. გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით, რომ დავეხმაროთ მათ. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ისინი გააგრძელებენ წამებას ციხეებში და პატიმრები დაუცველები დარჩებიან. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ისინი დავიცვათ. მადლობა მხარდაჭერისთვის! მადლობა ყველა სინდისის პატიმარს, მათ მშობლებს“, - განაცხადა ლიკა დავითაძემ.









