პოლიტიკა

კობახიძე: ევროპაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწორი აღქმა დაიკარგა

კობახიძე: ევროპაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწორი აღქმა დაიკარგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში იმ ძალის დაბრუნება სურთ, რომლის ხელწერაც ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა და სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა იყო. მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.

კობახიძის განცხადებით, საქართველო განუხრელად იცავს პრინციპებს, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ჰქვია.

პრემიერმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა: „ეს ადამიანი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობას, რომელსაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია“.

კობახიძემ დასძინა: „ამას უწოდებენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები ჰქვია. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაა. ამ ფონზე სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია მისტირის იმ აგენტურას, რომელიც ქვეყანას მართავდა და რომელიც სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული“.

პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატია ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა. მისი განმარტებით: „ეს ადამიანები ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი. რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში“.

კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს და მანამდე გამართული ძალადობრივი აქციები იყო ინსტრუმენტი, რათა ხელისუფლებაში დაებრუნებინათ „სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ‘ნაცმოძრაობა’“. მისი თქმით, მოძალადეებს მხარს უჭერდნენ და მშვიდობიან მომიტინგეებს უწოდებდნენ, მეორე მხრივ კი გმობდნენ ძალის პროპორციულ გამოყენებასაც. პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალის არაპროპორციული გამოყენება ხელისუფლებამაც დაგმო, თუმცა სწორედ ეს ბიუროკრატები გმობდნენ პროპორციულ გამოყენებასაც.

კობახიძის თქმით, სინამდვილეში ეს ადამიანები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს. „ქართველი ხალხი ამ ადამიანების განზრახვას დაუპირისპირდა და გააკეთა არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“, - განაცხადა მან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ