გეგელია: რუსეთს ქართული ეკონომიკის დაზარალების ბერკეტი აქვს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის დროებით აკრძალვას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კურსმა ქვეყანა და ქართველი მწარმოებელი რისკის წინაშე დააყენა.
გეგელიას თქმით, რუსეთის ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულების გამო რუსეთს უკვე აქვს ბერკეტი, ქართულ ეკონომიკას და მწარმოებელს „სრულიად ხელშესახები და სერიოზული ზარალი“ მიაყენოს. მისივე განმარტებით, ვიდრე რუსეთს ექნება ბერკეტი, რომ რომელიმე ქართულ კომპანიაზე და ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე იქონიოს გავლენა, მას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს.
გეგელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას წლების განმავლობაში შეეძლო ევროკავშირთან ვაჭრობა გაეღრმავებინა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გამოეყენებინა, თუმცა მისი თქმით, ამ რეჟიმმა ევროკავშირთან ვაჭრობა გაანახევრა, რუსეთთან კი გააორმაგა. მისი თქმით, ამის ფასს დღეს ქართველი მწარმოებელი იხდის.
„რაც უფრო ნაკლები დივერსიფიკაცია მოხდება, მით უფრო მეტი იქნება რუსეთის მოქმედების პოტენციალი და მით უფრო მეტად დააზარალებს რუსეთი ქართულ ეკონომიკურ ბაზარს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის 9 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შესაჩერებლად დროებითი სანიტარული ღონისძიება შემოიღეს.
აკრძალვა შეეხება კომპანიებს: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ძმები ასკანელები“, „ვაინმენი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.









