კობახიძე: რუსეთის სანქციებს არ შევუერთდით და ეს უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს საქართველო თავის დროზე არ შეუერთდა და ეს რაციონალური, პრაგმატული და უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც აშშ-ის მიერ რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა.
„ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, რამხელა კამპანია მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.









