კობახიძე დავითაძის საქმეზე: ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები და ცრუ ბრალდებები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოეხმაურა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დასრულებას. პროკურატურამ დაადგინა, რომ დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
კობახიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების მიმართ ცრუ ბრალდებები და სპეკულაციური განცხადებები გავრცელდა, თუმცა გამოძიების შედეგად ყველაფერს ნათელი მოეფინა. მისი თქმით, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, როგორია ხელისუფლების ხელწერა.
პრემიერის თქმით, ასეთი ხელწერა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია.
„ჩვენი ხელწერაა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს განურჩევლად დაცული“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2012 წლამდე და მის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. კობახიძემ აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სასჯელაღსრულების სისტემაში დაახლოებით 6-ჯერ შემცირდა. პრემიერის განმარტებით, ეს იმის შედეგია, რომ დღეს სისტემაში ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს და ხელისუფლება ამ პრინციპით მუშაობას გააგრძელებს.









