კობახიძე: Amnesty International-მა ქართული საზოგადოების ნდობა დაკარგა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან არაერთხელ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები. მისივე თქმით, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ ნდობა დაკარგა. კობახიძემ ეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები ამ ორგანიზაციის მხრიდან, შესაბამისად ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე მე რუბიოს დამოკიდებულება ამ ორგანიზაციისადმი საერთოდ არ მიკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ოქტომბერს Amnesty International-ს თაღლითური ორგანიზაცია უწოდა. ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ჟურნალისტმა რუბიოს აშშ-ის მიერ პორტუგალიის ლაჟესის (Lajes) ავიაბაზის გამოყენებისა და საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ ჰკითხა. ჟურნალისტმა Amnesty International-ის განცხადება დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც „პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ომის დანაშაულებს“.
ორგანიზაციის ხსენებაზე რუბიომ განაცხადა, რომ ის „ირანული რეჟიმის“ „სამხედრო დანაშაულებზე“ კაცობრიობის წინაშე უნდა ფოკუსირდეს.









