პოლიტიკა

გოცირიძე: რუსეთმა რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციაზე ფაქტობრივად ემბარგო გამოგვიცხადა

გოცირიძე: რუსეთმა რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციაზე ფაქტობრივად ემბარგო გამოგვიცხადა

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტის დროებით აკრძალვა შეაფასა. მისი თქმით, რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტის შეტანის აკრძალვით, ფაქტობრივად, ემბარგო გამოგვიცხადა.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ რუსეთში უკვე აღარ შეიძლება ღვინის, მათ შორის მთავარი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის, შეტანა. აკრძალულია „ნაბეღლავისა“ და სანიტარიული მოსაზრებით „კოკა-კოლას“ შეტანაც. მისი თქმით, ბაქტერიები და მწერები ყოფილა „კოკა-კოლაში“.

პოლიტიკოსის შეფასებით, მომხდარი საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. მისივე სიტყვებით, „დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას, როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს“.

გოცირიძემ შეახსენა, რომ მრავალი წლის წინ ანალოგიური სანიტარიული მოტივით „ბორჯომის“ შეტანა აკრძალა ონიშჩენკომ. მისი თქმით, „ბორჯომი“ ჯერ არ აუკრძალავთ, რადგან რუსებს ეკუთვნის, თუმცა შეიძლება აქამდეც მივიდნენ, შემდეგ კი ღვინის, ხილის, ციტრუსების, მწვანილისა და ფაქტობრივად, ყველაფრის აკრძალვაზე გადავიდნენ. გოცირიძე ამას რუსეთის ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აფასებს, ისევე როგორც რუსულ გაზსა და ელექტროენერგიას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს რაღაც ვერ შეუსრულა, რადგან ალბათ ორ ცეცხლს შუა იწვის. გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთს საქართველო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. მან ისიც თქვა, რომ ევროკავშირმა საქართველოში მომუშავე ოთხი კომპანია დაასანქცირა, ერთი კომპანია კი ირანთან ურთიერთობის გამო ამერიკამ დაასანქცირა. დასანქცირდა ყულევის პორტიც, რომელსაც ექვსთვიანი ვადა აქვს მიცემული და რომელსაც დაახლოებით 70 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი ჰქონდა შემოტანილი.

გოცირიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ვერ ასრულებს რუსეთის რაიმე მოთხოვნას. მისი თქმით, რუსეთი მაქსიმალურს და შესაძლოა შეუძლებელსაც მოითხოვს, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას. გოცირიძე ამას ხელისუფლების მოღალატეობრივი, კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.

რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის 9 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით დროებითი სანიტარული ღონისძიება შემოიღეს.

აკრძალვა შეეხება კომპანიებს: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ძმები ასკანელები“, „ვაინმენი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ