სამართალი

სალია: ადვოკატის უფლებასა და ციხის უსაფრთხოებას შორის ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ

სალია: ადვოკატის უფლებასა და ციხის უსაფრთხოებას შორის ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ადვოკატების ჩანაწერების გატანის შეზღუდვა ორ საკითხს უკავშირდება. ერთი მხრივ, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ადვოკატის საქმიანობას და კლიენტთან ურთიერთობის კონფიდენციალურობას, მეორე მხრივ კი საქმე პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას ეხება.

სალიას თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა ამ პრაქტიკით ბოროტად ისარგებლეს და დახურული ტიპის დაწესებულებებში პატიმრებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენეს. მინისტრმა ეს „იმედის“ „ღია ეთერში“ ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ნემსიწვერიძემ სალიას პენიტენციური სამსახურის განცხადების შესახებ ჰკითხა. უწყებამ კლიენტთან საუბრისას ადვოკატის ჩანაწერები ციხიდან კორესპონდენციის გაგზავნის წესს დაუკავშირა და ამით ახსნა, რატომ ვერ გამოიტანა საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.

სალიამ თქვა, რომ დავითაძის საქმის გამო საკითხზე მედიაში ხმამაღლა ისაუბრეს და მათი შეფასებით, ესეც ორკესტრირებული მცდელობის ნაწილი იყო. „ესეც ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის, გეთანხმებით, თუმცა აქ დადგა ორი საკითხი: არსებობს ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ადვოკატის და კლიენტის უფლება, რომ მათი კორესპონდენცია, მათი ურთიერთობა და ჩანაწერები იყოს დაცული, თუმცა მეორე მხრივ, არის პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება და იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს ეს უფლება“, – განაცხადა მინისტრმა.

ჩანაწერების კონტროლთან დაკავშირებით სალიამ თქვა: „როდესაც ადვოკატი შედის დასაცავ პირთან, აკეთებს ჩანაწერებს და როდესაც ადვოკატს ეს გამოაქვს გარეთ და ამის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, სწორედ ეს აღვნიშნე… არ არსებობს-მეთქი და არც უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს გადამზღვევი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის არაკეთილსინდისიერ პირს, რომ კომუნიკაცია დახურულ დაწესებულებაში არ მოახდინოს რამოდენიმე პირს შორის.“

მისივე სიტყვებით: „ჩვენ არ გვინდა ადვოკატის უფლება შევლახოთ და გვინდა, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, გამოსავალი, რომელსაც არც თქვენს უფლებას შელახავს, ხელს არ შეგიშლით საქმიანობაში, მაგრამ ჩვენს უსაფრთხოებასაც არ დააზიანებს“.

მინისტრმა ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვებს აღარ უპასუხა და თქვა, რომ ორშაბათს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.

7 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ციხეში გიორგი დავითაძესთან შეხვედრილ ადვოკატ ჯუბა ქათამაძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს: დაწესებულების დატოვებისას მას პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს.

პენიტენციურმა სამსახურმა საპასუხოდ ციხიდან წერილების გაგზავნასთან დაკავშირებული პატიმრის უფლებები განმარტა და აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში წერილების შინაარსი მოწმდება და გაგზავნა იზღუდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი შინაარსი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს. უწყების განცხადებით, პატიმარს უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს ადვოკატს, თუმცა საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, შეხვედრის შემდეგ დაწესებულებიდან სხვადასხვა სახის ჩანაწერი გამოიტანოს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებას ადვოკატთა ასოციაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციის თქმით, დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრისას შექმნილი ჩანაწერი პატიმრის კორესპონდენცია არ არის, ის ადვოკატის მიერ საადვოკატო საქმიანობისას შექმნილი ჩანაწერია და ეს ორი ცნება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს საადვოკატო საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლებები“, – განაცხადა ასოციაციამ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ