ჩორჩანას საქმის პროკურორი: გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება მტკიცებულებებით არ დადასტურებულა

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, ჰქონდა თუ არა გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, უფლება ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვის შესახებ.
იაკობიძის თქმით, ბრალდების ფორმულირების ნაწილში მნიშვნელოვანია, ჯერ უშუალოდ გახარიას ქმედება შეფასდეს და შემდეგ მიზეზობრივი კავშირი.
პროკურორმა განმარტა, რომ საქმეზე დაკითხულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მისი თქმით, გახარიას ბრალდება 2019 წელს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას ედავება. იაკობიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკას სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრავდა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის დოკუმენტები, რომლებიც საიდუმლო ფორმატში გამოიკვლიეს და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
იაკობიძემ თქვა, რომ როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ისე სხვა პირებს ჰკითხეს, იყო თუ არა საგუშაგოს აღების თაობაზე მსჯელობა. მისი თქმით, თითოეულმა მოწმემ უპასუხა, რომ უარყოფითი შედეგები საგუშაგოს აღმართვით 2019 წლის 24 აგვისტოდან დაიწყო და საგუშაგოს აღება-არაღების საკითხი არსებითად არ ცვლიდა იმ შედეგებს, რომლებიც 24 აგვისტოს უკვე დადგა.
გიორგი გახარიას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრიცაა, ჩორჩანას საქმეზე ბრალი 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი. ეს მუხლი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მიხედვით, გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან, დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. შედეგად, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის, მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.









