სამართალი

პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და იურიდიულ პირს დევნა დაუწყო

პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს და იურიდიულ პირს დევნა დაუწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად საქართველოში კომპანია დააფუძნა. კომპანიის საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან, ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩაირიცხა.

პროკურატურის თქმით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კომპანია სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე დააფუძნა. მან თანხის წარმომავლობა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად შენიღბა, ნაწილი კი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე საზღვარგარეთ გადარიცხა.

დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. ეს დანაშაული სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იურიდიული პირისთვის კი ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდება.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ