სამართალი

კუპატაძე: მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება

კუპატაძე: მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მერაბ მალანია და მისი ოჯახი მისთვის ნაცნობ ადამიანებს შორის ყველაზე საშიში ადამიანები არიან. განცხადება მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა: „დაიმახსოვრეთ, მერაბ მალანია და მისი ოჯახი, ჩემთვის ნაცნობი ადამიანებიდან, ყველაზე საშიშები არიან. მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება“.

კუპატაძის თქმით, გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის არც ერთხელ დაურეკავს. კუპატაძე აღნიშნავს, რომ ეს ბრალდებას არ ცვლის, რადგან გამოძიება გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის დახმარებას აბრალებს და არა მასთან დარეკვას.

მისი განმარტებით, ბრალდების მხარე არ ამბობს, რომ გიორგი მალანია თავდასხმის დროს ადგილზე იყო ან გიგა ავალიანს თავს დაესხა. მისივე თქმით, მალანია ალექსანდრე გაბაშვილს დანაშაულის სისრულეში მოყვანაში ეხმარებოდა. გაბაშვილს, რა სახითაც დახმარება სჭირდებოდა, ინფორმაციას გიორგი მალანიასგან იღებდა.

კუპატაძე ამბობს, რომ გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამ იცოდა, რისი მიწოდებაც ნია იმნაძეს არ შეეძლო, ხოლო სხვა საერთო ნაცნობი გიგა ავალიანთან მას არ ჰყავდა. მისი თქმით, ყველა ინფორმაცია, რაც გაბაშვილს სჭირდებოდა, გიორგი მალანიამ მიაწოდა.

ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ არ იცის, სად წაიკითხა ლაშა ცუცქირიძემ, თითქოს ვინმე გიორგი მალანიას ბრალად ზარებს ედავება. „ჩვენ ეს არ გვითქვამს არსად, ვგულისხმობ პროკურატურასაც“, - თქვა მან. მისივე თქმით, ზარის ავტორი ყოველთვის თუ არა, უფრო ხშირად ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ