სამართალი

მერაბ მალანია: ბრალდებამ ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა

მერაბ მალანია: ბრალდებამ ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მერაბ მალანიამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული მისი შვილის, გიორგი მალანიას, წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ეს მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.

მერაბ მალანიას თქმით, თუ საგამოძიებო უწყებას მასთან საქმის გარშემო რაიმე კითხვა გაუჩნდება, ნებისმიერ დროს მზად არის, უპასუხოს.

მისი თქმით, სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებიც საქმეს უძღვებოდნენ. „მათ დაადასტურეს, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს ჩემი შვილის წინააღმდეგ, რომ ის რაიმე სახით ეხმარებოდა ან შეხვედრია როდისმე დამნაშავეებს და ა.შ. გარდა ამისა, დღეს ექსპერტიც იყო, რომელმაც ასევე დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ ჩვენ, რომ არცერთი ვიდეო ზარი არ განხორციელებულა გაბაშვილსა და ჩემს შვილს შორის“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.

მისივე განმარტებით, სხდომაზე გამოითქვა ვარაუდები, რომ გიორგი მალანიას შეეძლო ალექსანდრე გაბაშვილისთვის რაიმე ინფორმაცია მიეწოდებინა. მერაბ მალანია კითხულობს, რა ინფორმაციას ან რა სახის ინფორმაციას გულისხმობენ, და აცხადებს, რომ ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები ბრალდებას არ გააჩნია და ამას დღეს წერტილი დაესვა.

გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. ბრალი მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ