სამართალი

სალია: დავითაძის საქმე სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა იყო

სალია: დავითაძის საქმე სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა იყო

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას თქმით, გიორგი დავითაძის საქმე გარკვეული ძალების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი NGO-ს მიერ იყო ორგანიზებული, მიზანი კი სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟი გახლდათ.

„ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ მცდელობა, ორგანიზებული, მათ შორის, რომ მომხდარიყო სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟი. გარკვეული ძალების მიერ, მათ შორის, პოლიტიკოსების, ზოგიერთი NGO-ს მიერ“, – განაცხადა სალიამ „იმედის“ ეთერში.

მინისტრის განმარტებით, თუ ერთი მსჯავრდებული აცხადებს, რომ თანამშრომლების ჯგუფმა მის მიმართ ძალადობა ჩაიდინა, პენიტენციურმა სამსახურმა ეს ადამიანები სამსახურიდან უნდა ჩამოაშოროს და უფლებამოსილება შეუჩეროს. სალიამ თქვა: „მერწმუნეთ, გამოჩნდება 10, 20, 30 პატიმარი, რომელიც მოიგონებს უბრალოდ ეგეთ რაღაცას, როდესაც მიზანი არის სისტემის საბოტაჟი და ამის ნიშნები არსებობდა და ამის ნიშნები ცხადი იყო“.

გადაცემის სტუმარმა სალიას ჰკითხა: „ბატონო პაატა, გაუპატიურებას მოიგონებს ამდენი ადამიანი?“ მინისტრმა უპასუხა: „თქვენ დაინახეთ გაუპატიურება ამ კადრებში?!“

სალიას თქმით, იგი ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებების პირობებში ვინმეს პასუხისმგებლობა დააყენონ. მისი თქმით, ერთი დაუდასტურებელი შემთხვევის გამო 10 ან 15 თანამშრომელი არ უნდა გაეშვათ სამსახურიდან. მან განმარტა, რომ ეს მაღალი უსაფრთხოების დაწესებულებაა, სადაც ადამიანები სასჯელს იხდიან და პენიტენციური დაწესებულება არ არის ადგილი, სადაც დანაშაულის რომანტიზება ხდება.

სალიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამართლებრივია და კანონებს იცავს, პენიტენციურ დაწესებულებაში კი ყველა პატიმრის უფლება დაცულია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ფაქტობრივად არაფერი მომხდარა და კამერის წინაშე ვინმე რატომ დააპირებდა ადამიანისთვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენებას. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების პირობებში ციხეებში ძალადობა და მით უმეტეს ამ ტიპის ძალადობა წარმოუდგენელია და აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

სალიამ დაამატა, რომ შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თავად ამბობენ, რომ გამოძიება 10 თვეა მიმდინარეობს და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ერთ NGO-ს ამ დროს ეს საკითხი არ გამოუხმაურებია. მისი განცხადებით, ახლა კი ამ თემას „ორკესტრირებული მცდელობა“ ჰქონდა, რომ ციხეში საბოტაჟი გამოეწვია.

მინისტრის თქმით, არ უარყოფენ, რომ სისტემაში პრობლემები შეიძლება არსებობდეს, თუმცა 2012 წლამდე ვითარებისგან განსხვავებით, დღეს სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. „ერთეული შემთხვევები თუ სადმე გამოვლინდება, ამისგან დაცული არცერთი სისტემა არ არის მსოფლიოში და არ არსებობს იდეალური პენიტენციური სისტემა არცერთ ქვეყანაში“, – თქვა სალიამ და დასძინა, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე ხდება რეაგირება.

სალიამ ასევე განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემაში უფლების დაცვის მექანიზმები განვითარებული და გაძლიერებულია. მისი თქმით, პატიმრებს საქართველოში თავიანთი უფლებების დასაცავად იმაზე მეტი უფლება აქვთ, ვიდრე სხვა ქვეყნების პენიტენციურ დაწესებულებებში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ