ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს განიხილავს

ეროვნული ბანკი ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს განიხილავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა გენერალური პროკურატურის მიერ ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ბანკის ინფორმაციით, გამოძიების პერიოდში, სანამ საკითხზე სიმართლე არ დადგინდება, საბჭო უახლოეს სხდომაზე ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს განიხილავს.

განცხადების თანახმად, ეროვნულმა ბანკმა შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებული გარემოებები შეისწავლა და კომპეტენციის ფარგლებში პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა. რადგან წერილში მითითებული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს სცილდება, მასალები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს გადაეცა. ბანკი ვარაუდობს, რომ გარემოებებთან დაკავშირებით ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.

ბანკის განმარტებით, ყეინიშვილის საბჭოს სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს საბჭო ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე განიხილავს.

ბანკი იქვე აცხადებს, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“ ეროვნულმა ბანკმა გეგმიური შემოწმების შედეგად დააჯარიმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის.

გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.