ეკონომიკა

კობახიძე: საწვავის აქციზის განახევრება არ იგეგმება

კობახიძე: საწვავის აქციზის განახევრება არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საწვავის აქციზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი განახევრება არ იგეგმება. საწვავის გაძვირება მან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს დაუკავშირა და ამ პრობლემის მოგვარების იმედი გამოთქვა.

კობახიძის განცხადების მომენტში ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფი რეგულარის ფასი 4 ლარს, პრემიუმის 4.30 ლარს, სუპერის კი 4.60 ლარს აღემატებოდა. დიზელის ღირებულება 5 ლარზე მეტია.

ბენზინიცა და დიზელიც აქციზურ საქონელს მიეკუთვნება. ტონა ბენზინზე (1340 ლიტრი) აქციზი 500 ლარია, რაც ლიტრზე 37 თეთრს უდრის. ეს განაკვეთი 2017 წელს გაორმაგდა. ტონა დიზელი (1200 ლიტრი) 400 ლარით იბეგრება, ანუ ლიტრზე 33 თეთრით. 2017 წელს ეს განაკვეთი 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა. აქციზს დღგ-ც ემატება, ამიტომ დღგ-სთან ერთად ის 1 ლიტრ ბენზინს 44 თეთრით, დიზელს კი 39 თეთრით აძვირებს. აქციზის განახევრება საწვავის ლიტრის საცალო ფასს თეორიულად 20-22 თეთრით შეამცირებდა.

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბენზინის აქციზიდან 375 მილიონი ლარი, დიზელის აქციზიდან კი 275 მილიონი ლარი, ჯამში 650 მილიონი ლარი შევიდა. აქციზზე დარიცხული დღგ-ს ჩათვლით ეს თანხა 767 მილიონ ლარს შეადგენს. წლიური 700-770 მილიონი ლარი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 2.5%-ია, განახევრების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 1.25% იქნებოდა.

საწვავის გაიაფება ინფლაციაზე წნეხს შეამცირებდა. ინფლაციის განაკვეთი აპრილიდან 5%-ს აჭარბებს და უახლოეს მომავალში, სხვა თანაბარ პირობებში, მისი კლება მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკი 2027 წლის თებერვლიდან დაკრედიტებას ამკაცრებს, რაც სავარაუდოდ მაღალი ინფლაციური მოლოდინებითაა გამოწვეული.

ენერგომატარებლების გაძვირება სხვა პროდუქციის ფასებზეც აისახება: იზრდება როგორც ტრანსპორტირების, ისე მიწის დამუშავების ხარჯი. აგროტექნიკა, მათ შორის ტრაქტორები და კომბაინები, ძირითადად დიზელზე მუშაობს. დიზელის რეკორდული ფასები სურსათის გაძვირების რისკს ქმნის. გამოსავალი იმპორტიც ვერ იქნება, რადგან საწვავი, განსაკუთრებით დიზელი, მთელ მსოფლიოშია გაძვირებული.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ