სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები გორისში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ

8 ოქტომბერს სომხეთის ქალაქ გორისში აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხი განიხილეს. ბოლო პერიოდში სომხეთი ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით რუსეთთან და თურქეთთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.
აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია სომხეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყოს. მისი განმარტებით, სომხეთი საბჭოთა პერიოდის მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციას განუსაზღვრელი ვადით ვერ გააგრძელებს, სადგურის გაჩერების შემთხვევაში კი ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხე შეიძლება შეიქმნას. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ამჟამად ქვეყანას ელექტროენერგიის ჭარბი მარაგი აქვს, თუმცა ეკონომიკის მზარდმა მოთხოვნებმა მომავალში იმპორტის აუცილებლობა შეიძლება გამოიწვიოს.
„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილია. პროექტი აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს. მარშრუტი უნდა მოიცავდეს სარკინიგზო ხაზს, საავტომობილო გზას, მილსადენებს, ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ციფრული მონაცემების გადაცემის ქსელებს.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა სომხეთის ტერიტორიაზე წინასწარი კვლევები უკვე ჩაატარეს და ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენების განთავსების შესაძლო ადგილები გამოავლინეს. მან დასძინა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის განკუთვნილი ხაზის მშენებლობის დაწყება ახლავეა შესაძლებელი და დასასრულებლად მაქსიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.
მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის მოქმედი ვადა 2036 წელს იწურება, თუმცა ფაშინიანმა თებერვალში განაცხადა, რომ მისი მუშაობა 2046 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. სომხეთი მანამდე სადგურის მცირე მოდულური ატომური ელექტროსადგურით ჩანაცვლებას გეგმავდა, რათა ენერგომომარაგების ერთ წყაროზე დამოკიდებულება შეემცირებინა. ახლა ფაშინიანი, როგორც ჩანს, მთავრობის ადრინდელი პოზიციის გადახედვას აპირებს. მისი არგუმენტით, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მხრიდან ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გამო, მოდულური ვარიანტის არჩევისას სომხეთი ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.
სექტემბერში ფაშინიანმა ახალი ბირთვული ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობა რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის „როსატომის“ გენერალურ დირექტორთან, ალექსეი ლიხაჩოვთან განიხილა. ოქტომბერში ერევანმა თურქეთთანაც დაიწყო მოლაპარაკებები გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის შესახებ.





