ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონი ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონი ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა შპს „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ 118 ათას ლარით დააჯარიმა. ეს კომპანია ის არის, რომლის ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზეც ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილზე გამოძიება დაიწყო. ჯარიმის შესახებ ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბრის განცხადებაში აცნობა.

ჯარიმა ორი ტიპის დარღვევის გამო დაეკისრა. პირველ შემთხვევაში კომპანიამ შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია ორჯერ არასწორად წარადგინა. თითოეულ ასეთ ფაქტზე ჯარიმა 3 000 ლარია, ამიტომ ამ დარღვევისთვის ჯამში 6 000 ლარი დაერიცხა.

მეორე დარღვევა 572 033 შემთხვევას ეხება: კომპანიამ მომხმარებლებს მომსახურება კანონით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე გაუწია. ეს მოთხოვნები მომხმარებლის ვინაობის დადგენასა და გადამოწმებას გულისხმობს. თითოეულ შემთხვევაზე ჯარიმა 1 000 ლარი იყო, საიდანაც 572 033 000 ლარი შეგროვდა. ორივე დარღვევის ჯამური ჯარიმა 572 118 000 ლარია.

გენერალურმა პროკურატურამ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა. უწყების თქმით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებებზე დაყრდნობით დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, ანუ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების მიხედვით, ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მყოფი საწარმოების ქსელს. ამ საწარმოების წილები მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. იგივე განცხადებებით, ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამით საკუთარი ბიზნესის გაფართოებას.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის უფლება არ აქვს. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით კი ბანკის საბჭოს წევრსა და მის ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.

ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საბჭოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ყეინიშვილი საბჭოს სხდომებიდან პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე აიცილეს.

„რადიო თავისუფლებამ“ იმავე დღეს თქვა, რომ ორი თვეა ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, როგორ ითხოვდა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის წილს. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

გამოძიების თანახმად, 2024 წლის ივლისში „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლები დავით ორჯონიკიძე და ნინო ქოპილაშვილი ყეინიშვილის სახლში სტუმრად მივიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, მათ აუდიოჩამწერი მოწყობილობაც ჰქონდათ. ჩაიწერეს, როგორ მოითხოვა ყეინიშვილმა წილები, ჩანაწერი კი სუსს გადასცეს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, უწყებას ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ