ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ მირკადიროვის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკადიროვის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ აზერბაიჯანს 3 600 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი და ბუნდოვანი იყო, აზერბაიჯანის ეროვნულმა სასამართლოებმა კი ისინი სათანადოდ არ შეაფასეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
მირკადიროვის წინააღმდეგ საქმე 2014-2015 წლებში აღიძრა. აზერბაიჯანის სპეცსამსახურები მას სომხეთის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებოდნენ. ბრალდების თანახმად, ჟურნალისტი „სახალხო დიპლომატიის“ სახელით გამართული შეხვედრების დროს სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის ბაქოს აეროპორტისა და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზის შესახებ.
2015 წლის დეკემბერში ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ მირკადიროვი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წლის მარტში სააპელაციო სასამართლომ სასჯელი პირობითი მსჯავრით შეცვალა. ჟურნალისტმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გაასაჩივრა.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებში არსებული აუდიოჩანაწერები და საუბრის ტრანსკრიპტები ფრაგმენტული და გაურკვეველი იყო. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდების მიერ საიდუმლოდ მიჩნეული ობიექტების გამოსახულებები Google Earth-ზე საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი.
„ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საუბრის ტრანსკრიპტი, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს, იმდენად ფრაგმენტული და გაურკვეველი იყო, რომ მის საფუძველზე გონივრულად ვერ დაასკვნიდი, რომ აზერბაიჯანის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია გადავეცი. აზერბაიჯანის სასამართლოებმა ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მასალები დადგენილ ფაქტებად მიიღეს და მტკიცებულებები დამოუკიდებლად არ შეისწავლეს“, – უთხრა მირკადიროვმა „კავკაზსკი უზელს“.
ჟურნალისტის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მისი არგუმენტები საფუძვლიანად და საქმისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია. „სწორედ ამიტომ, პირადად ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა სრულიად ნათელია. ჩემს სახელს სამშობლოს მოღალატის იარლიყი მოეხსნა“, – განაცხადა მან.
მირკადიროვმა სინანული გამოთქვა, რომ სამართლიანობის აღდგენას 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდა. „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი დაკავებიდან თორმეტ-ნახევარი წლის შემდეგ მოვიდა. დღეს 65 წლის ვარ. ამიტომ სიტყვები- „ამ გადაწყვეტილებას მოვესწარი“- ჩემთვის უბრალოდ სიტყვები არ არის. მე ნამდვილად მოვესწარი. თუმცა შეიძლებოდა, ვერც მოვსწრებოდი“, – თქვა ჟურნალისტმა.
მისი თქმით, სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავდა და ამან მის რეპუტაციასა და ღირსებასაც მიაყენა დარტყმა.
მირკადიროვი ამჟამად შვეიცარიაში, პოლიტიკურ ემიგრაციაში იმყოფება. 2016 წელს აზერბაიჯანი დატოვა, 2017 წლის მარტში კი შვეიცარიაში პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მიიღო.









