კირვალიძეს ივანიშვილის გინების გამო 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის მოვლენების საქმის ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ბიძინა ივანიშვილის გინების გამო 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
TV პირველის ცნობით, კირვალიძემ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოხატა და მოსამართლეს „ბიძინას მონა“ უწოდა. სხდომაზე მას ადვოკატი არ ჰყავდა.
კირვალიძემ ივანიშვილი 24 ივნისს შეაგინა, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მან თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება], ბიძინას დედასაც შ*****ი“, რის შემდეგაც სასამართლო დარბაზი დატოვა.
სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმე საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. კირვალიძისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.
კირვალიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაუქმება მისი რეპლიკის შინაარსის გამო მოითხოვა და არა იმის გამო, რომ კირვალიძემ თითქოს შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
კირვალიძის 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოიწურა და პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ დატოვა.









