გენპროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს. ამ საწარმოების წილები რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზე. განცხადებების მიხედვით, ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
პროკურატურა განმარტავს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მის ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.
გამოძიების ფარგლებში შეისწავლიან ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებებს. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.






