ადვოკატი: სასამართლო ფეხბურთელი ქალის წარმომადგენელს განაჩენის გამჟღავნებას უკრძალავს

ადვოკატი ანა თავხელიძე, რომელიც 20 წლის ფეხბურთელი ქალის წარმომადგენელია, წერს, რომ სასამართლო მას განაჩენის შინაარსის გამჟღავნებას ავალდებულებს. ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თავხელიძის თქმით, განაჩენი გუშინ ჩაიბარა. ჩაბარების დასადასტურებლად მას წინასწარ დაბეჭდილი ხელწერილი მიუტანეს, რომელშიც, მისი პრაქტიკაში პირველად, ასეთი ჩანაწერი იყო: „ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13¹ მუხლის თანახმად, ვიღებ ვალდებულებას, არ გავამჟღავნო გადმოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაში (განაჩენში) არსებული ინფორმაცია, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე."
„მარტივად რომ ვთქვა: ამ ხელწერილით მეკისრებოდა ვალდებულება, განაჩენის შინაარსზე არ მესაუბრა“, — წერს ადვოკატი.
ანა თავხელიძე აზუსტებს, რომ ამ ვალდებულების აღებაზე უარს ამბობს და განაჩენზე საუბარს აპირებს. ამისთვის მას სასამართლოს პასუხის დალოდება მოუწევს; თავისი პოზიცია სასამართლოს წერილობით შეატყობინა.
ადვოკატის განმარტებით, დაზარალებული სასამართლოში მხარედ არ ითვლება. საქმის განხილვისას მხარეებს წარმოადგენდნენ პროკურატურა და ბრალდებული, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი თავისი ადვოკატით.
„აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ სხდომის ოქმები არ გადმომცა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მხარე არ ვარ: ოქმებზე წვდომის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთო. განაჩენზე საუბარს ვაპირებ. ველოდები სასამართლოს პასუხს“, — წერს თავხელიძე.
მეჰმეთ უიარი არაერთი კომპანიის მფლობელია, მათ შორის საქართველოში ქალთა საფეხბურთო კლუბისა, სადაც დაზარალებული თამაშობს.
უიარის გამამართლებელი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი არევაძემ 22 სექტემბერს გამოიტანა. უიარი დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაზარალებულს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ცუდად გახდა და სასამართლოდან სასწრაფომ გადაიყვანა.
საქმის განხილვა შემდეგ ინსტანციაში გაგრძელდება.









