რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ პარტიის წევრებს „მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციები აქვთ და საქართველოს მიმართულებით რუსეთის საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად“.
გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, „ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“.
უწყების მტკიცებით, „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისგან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ პარტია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებას და მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ გაწევრებისკენ.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად „დროამ“. პარტიის თქმით, პროკურატურამ ის არასასურველ ორგანიზაციად შემდეგის გამო გამოაცხადა: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევა; ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავება; საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობა; საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაცია; უკრაინის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერა და საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერა.
პარტიის მიხედვით, საფუძველია ისიც, რომ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს.
„ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“, – წერს პარტია.
სტატიაში მოხსენიებული პირები











