Fitch Ratings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურად შეცვალა, რეიტინგი BB-ზე დარჩა

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურად შეცვალა. თავად რეიტინგი უცვლელია და BB დონეზე დარჩა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტომ საქართველოს შეფასება 2026 წლის 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
სამინისტროს ცნობით, შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას განაგრძობს.
„რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.“
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასების მიუხედავად, ქვეყანა ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, რასაც ინვესტიციები და ექსპორტის მაღალი ზრდა განაპირობებს. 2023-2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ს აღემატებოდა. Fitch Ratings-ი მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალი იქნება.
სააგენტო საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და გამჭვირვალედ აფასებს. ამას თან ახლავს სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს.
ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით ბევრად დაბალია ფისკალური წესით დაშვებულ ზღვარზე. ვალი მშპ-სთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება, საგარეო ვალი კი მეტწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული კონცესიური სესხებისგან შედგება.











