პოლიტიკა

საკონსტიტუციოში 5 პარტიის საქმის განხილვა განახლდა, 9 ნოემბრიდან კითხვა-პასუხის ეტაპი დაიწყება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე სხდომა 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპზეა და პროცესი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებსაც მოისმენენ. ნადარაიას ინფორმაციით, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ, ხოლო პროცესი ახალი ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

აქამდე სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინეს. ახსნა-განმარტებები „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმაც წარმოთქვეს.

სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი განიხილავს.

სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. სასამართლოს დღის წესრიგში ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“. სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ