პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: კომუნიკაციების კომისიამ მედიისთვის 93 სიტყვა და ფრაზა აკრძალა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: კომუნიკაციების კომისიამ მედიისთვის 93 სიტყვა და ფრაზა აკრძალა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიისთვის აკრძალულად 93 სიტყვა და ფრაზაა გამოვლენილი. ორგანიზაციის მონაცემებით, მათ შორისაა „ივანიშვილის პრემიერი“, „ოლიგარქი“ და „სასამართლო კლანი“.

სხვა აკრძალულ ფრაზებს შორის ორგანიზაცია ასახელებს შემდეგს: რეჟიმი, სინდისის პატიმრები, ცრუ მოწმე პოლიციელები, პოლიტიკური პატიმრები, უკანონო პატიმრობა, „ოცნების“ ხელისუფლება და რეპრესიული კანონები.

ორგანიზაციის თქმით, 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის მესამედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმამ 10 000 ლარი შეადგინა.

ბოლო 6 თვეში კომისიამ ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები 7-ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა, ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ „ღია ცენზორის როლს ასრულებს“ და ამ გზით ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ტელევიზიების პარალიზებასა და დასუსტებას ცდილობს. ორგანიზაცია იხსენებს, რომ კომისიას კრიტიკული არხებისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო ტელევიზიები „იმედი“ და „პოს ტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.

ინფორმაციაში აღნიშნულია: „მმართველი გუნდი თავად წყვეტს ვინ და რა ფორმით დასაჯოს, რათა კრიტიკული ხმა ჩაახშოს“.