პოლიტიკა

გვარამია საწვავზე დროებითი საგადასახადო შეღავათის დაუყოვნებლივ შემოღებას ითხოვს

გვარამია საწვავზე დროებითი საგადასახადო შეღავათის დაუყოვნებლივ შემოღებას ითხოვს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დროებითი ზომების მიღებას ითხოვს. მისი თქმით, საწვავზე საგადასახადო ტვირთის შემცირების გარეშე ფასების „კატასტროფა“ გარდაუვალია.

გვარამია წერს: „საწვავზე საგადასახადო ტვირთის შემცირების გარეშე ფასების კატასტროფას ვერ ავცდებით. მყისიერი ეფექტი გვჭირდება.“ მისი განმარტებით, საწვავი ყველა პროდუქტის ფასშია ჩადებული, ამიტომ მის გაძვირებას პირველადი მოხმარების საქონლის გაძვირებაც მოჰყვება.

პოლიტიკოსის გაანგარიშებით, აქციზის დროებით შეჩერება ლიტრს დაახლოებით 40 თეთრით გააიაფებს. აქციზისა და დღგ-ის ერთად შეჩერება კი დაახლოებით ერთი ლარით, ანუ ფასის მეოთხედით შეამცირებს.

გვარამიამ საკუთარი მაგალითიც მოიყვანა: მისი მანქანის ავზის პრემიუმით შევსება 260 ლარი ჯდება, აქედან დაახლოებით 65 ლარი გადასახადია, აქციზი და დღგ. მისივე თქმით, თუ ეს მისთვის მძიმეა, ტაქსის მძღოლს, დისტრიბუტორსა და ფერმერს კიდევ უფრო უჭირს, რადგან მათთვის საწვავი ყოველდღიური სამუშაო ხარჯია.

გვარამია აცხადებს, რომ მთავრობას ფასის მატება აწყობს, რადგან დღგ ფასის პროცენტია და რაც უფრო ძვირია ლიტრი, მით მეტს იღებს ბიუჯეტი. მისი თქმით, ამ ბიუჯეტიდან ასობით მილიონი მიდის სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ „ქართული ოცნების“ წევრებსა და კოორდინატორებზე.

პოლიტიკოსის ცნობით, წელს გერმანიამ ლიტრზე გადასახადი 17 ცენტით შეამცირა, ირლანდიამ კი 27–32 ცენტით. გვარამიას აზრით, საქართველომაც დროებითი ზომა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს, ოღონდ შეღავათი მოქალაქეს უნდა შეხვდეს და არა „ივანიშვილის საწვავის მაფიის“ მოგების მარჟას დაემატოს.

წყარო: Interpressnews