მარნეულში არასრულწლოვნის ბებია ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს

ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით არასრულწლოვნის ბებია დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების მონაცემებით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით და მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.
დაკავება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






