პოლიტიკა

ეუთოს თავმჯდომარეობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ კომენტარებით შეშფოთებულია

ეუთოს თავმჯდომარეობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ კომენტარებით შეშფოთებულია

ვარშავაში ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მეოთხე დღე, 8 ოქტომბერს, ეუთოს თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა საქართველოზე საუბრით გახსნა. მან გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლების მისამართით, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში „საფარის“ დამფუძელმა ბაია პატარაიამ საიასთან ერთად 6 ოქტომბერს წარადგინა კვლევა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლისას ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ. 5 ოქტომბერს კი, როცა დარბაზში საქართველოს წარმომადგენელი ვეკა მოდებაძე სიტყვით გამოდიოდა, პატარაიამ ბანერი გაშალა წარწერით: „გაათავისუფლეთ ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი“.

7 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილმა თქვა: „მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას – როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს“.

თანათავმჯდომარეობის წარმომადგენელმა განაცხადა: „ისეთი პლატფორმის უზრუნველყოფა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონაწილეობა და თანამშრომლობა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებთან და აღმასრულებელ სტრუქტურებთან, ეუთო-ს საკვანძო ღირებულებაა. მათ უნდა შეეძლოთ ამის გაკეთება უარყოფითი შედეგების გარეშე. ეს აუცილებელია ეუთო-ს ინსტრუმენტების ფუნქციონირებისთვის.

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ გაკეთებული კომენტარებით ამ კონფერენციაში მათი მონაწილეობის გამო, ასევე იმ უფლებადამცველების ცნობებით, რომლებიც ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციას ესწრებიან. გვსურს, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ეუთო-ს ღონისძიებებში უსაფრთხო მონაწილეობის მნიშვნელობას შურისძიების საფრთხის გარეშე“.

გამოცემა Rapporteur-მა 30 სექტემბერს დაწერა, რომ საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან.

წყარო: პუბლიკა