პოლიტიკა

„ლელო“ საწვავზე აქციზის დროებით გაუქმებას ან განახევრებას ითხოვს

„ლელო“ საწვავზე აქციზის დროებით გაუქმებას ან განახევრებას ითხოვს

პარტია „ლელო — ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით გაუქმდეს ან განახევრდეს. პარტიის წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ ეს დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამუშიას თქმით, დიზელის ფასმა 5-ლარიან ნიშნულს გადააჭარბა და 5.07 ლარი გახდა. მისივე შეფასებით, ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრებთათვის, რადგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელს იყენებენ. „მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ დაიწყება ხვნა-თესვის სამუშაოები და ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვთ არანაირი პასუხი“, — განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს საწვავზე აქციზის გადასახადი გააორმაგა, რაც ფასების მატებას იწვევს. სამუშიამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, აქციზი, სულ მცირე დროებით, 2017 წლის დონეზე დააბრუნოს.

სამუშიამ ისიც თქვა, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსანმა დღეს განაცხადა, თითქოს აქციზის შემცირება ფასებს საწვავზე არ დააკლებს. „ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები?“ — თქვა მან.

ბენზინისა და დიზელის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. ყველაზე იაფი, რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 4 ლარს, დიზელის კი 5 ლარს გასცდა.

ბენზინიც და დიზელიც აქციზურ საქონელს მიეკუთვნება. ტონა ბენზინზე (1340 ლიტრი) აქციზი 500 ლარია, რაც 1 ლიტრზე 37 თეთრს უდრის; ეს განაკვეთი 2017 წელს გაორმაგდა. ტონა დიზელი (1200 ლიტრი) 400 ლარით იბეგრება, 2017 წელს კი 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა. ლიტრზე ეს 33 თეთრია. აქციზს დღგ-ც ემატება, ამიტომ დღგ-ს ჩათვლით აქციზი 1 ლიტრ ბენზინს 44 თეთრით, დიზელს კი 39 თეთრით აძვირებს. აქციზის გაუქმებით 1 ლიტრი ბენზინის ან დიზელის საცალო ფასი თეორიულად 40-45 თეთრით შემცირდებოდა.

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბენზინის აქციზიდან 375 მლნ ლარი, დიზელის აქციზიდან კი 275 მლნ ლარი, სულ 650 მლნ ლარი შევიდა. აქციზზე დარიცხული დღგ-ს დამატებით ეს თანხა 767 მლნ ლარია.

წლიური 700-770 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 2.5%-ია. საწვავის თუნდაც მცირედი გაიაფება ინფლაციაზე წნეხს შეამცირებდა და მოქალაქეების ხარჯებიც შემცირდებოდა.

წყარო: ნეტგაზეთი