ნატო იტალიაში დაგეგმილ ბირთვულ წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთს დამშვიდებას სთხოვს

ნატო ცდილობს, რუსეთი დააჯეროს, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული წვრთნები შიშის საფუძველს არ იძლევა. ამის შესახებ Politico წერს, ალიანსსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე.
ნატო-მ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოველწლიურ წვრთნებში Steadfast Noon ალიანსის 17 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 13-23 ოქტომბერს იტალიაში გაიმართება. Politico-ს ინფორმაციით, წლევანდელი წვრთნები მოსკოვსა და ნატო-ს შორის წერილების დაძაბულ მიმოცვლას მოჰყვება, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ალიანსის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის მახლობლად სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.
ნატო-ს ბირთვული პოლიტიკის დირექტორმა ნასიმა ბაროუსმა განაცხადა: „ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ეს ასევე მკაფიო გზავნილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომ არ არის საჭირო ნერვიულობა; ეს პროგნოზირებადია და არ არსებობს არასწორი გათვლების საფუძველი. მისი მიზანი, არსებითად, ჩვენი მოკავშირე ძალების გაწვრთნაა, რათა მზად ვიყოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოება“.
ნატო-ს წინა წვრთნების შემდეგ მოსკოვმა ალიანსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოკავშირეების ტერიტორიაზე დარტყმით დაემუქრა და ბირთვული არსენალის გამოყენების შესაძლებლობა ახსენა. ეს ქმედება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გასულ კვირას საჯაროდ დაგმო. დაძაბულობა იმითაც იზრდება, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთს საბოტაჟსა და მთელ კონტინენტზე ე.წ. ჰიბრიდული თავდასხმების გააქტიურებაში ადანაშაულებენ.
ანონიმურობის პირობით მედიასთან მოსაუბრე ნატო-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა: „ჩვენი მიზანია, სიტუაცია მშვიდად შევინარჩუნოთ. რუსი ოფიციალური პირები განუწყვეტლივ ამძაფრებენ დაძაბულობის ფონს, ჩვენ კი ვეცდებით, სიტუაცია განვმუხტოთ“.
აშშ-ის პოლკოვნიკმა, ნატო-ს ბირთვული ოპერაციების ხელმძღვანელმა დევიდ ბულმა თქვა, რომ წლევანდელ სწავლებაში მონაწილეთა რაოდენობა წინა წლების მაჩვენებლის „მსგავსია“. მისი თქმით, წვრთნა მოიცავს როგორც „განგაშის იმიტირებულ გამოცხადებას, ისე რეალურ ფრენებს“, თუმცა „რეალური ბირთვული იარაღის გამოყენება არ მოხდება“.