პოლიტიკა

რომან გოცირიძე დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასების გაზრდას აკრიტიკებს

რომან გოცირიძე დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასების გაზრდას აკრიტიკებს

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დეპუტატებისა და მინისტრების გაზრდილი ხელფასები გააკრიტიკა და ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

გოცირიძის თქმით, ხელფასი შრომის ანაზღაურებაა, პარლამენტის დეპუტატები კი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ღილაკზე თითის დასაჭერად დადიან. მისივე განმარტებით, 2024 წელს, როცა პარლამენტში იყო, ბიუჯეტი შემოვიდა და რიგითი დეპუტატის 4 ათასლარიანი ხელფასი 2025 წლიდან ზუსტად სამჯერ უნდა გაზრდილიყო, 11 880 ლარამდე. ხელფასი თანამდებობების მიხედვით იზრდებოდა.

გოცირიძემ თქვა, რომ ახლა რიგითი დეპუტატის ხელფასი 13 880 ლარია, მინისტრებმა და სხვა თანამდებობის პირებმა კი ხელფასები 17 ათასამდე გაიზარდეს. მისი თქმით, ყოველი მეორე მილიონერია. პოლიტიკოსის განცხადებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია მაშინ 20 ლარით მოუმატეს. მან თქვა, რომ საქართველოში საშუალო პენსიას პარლამენტის წევრის ხელფასი 33-ჯერ აღემატება.

გოცირიძემ კომიტეტების მომსახურე ავტომობილებზეც ისაუბრა: მისი თქმით, 32 მანქანა ემსახურება კომიტეტების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს, ფრაქციებისა და სხვა თანამდებობის პირებს კი 48 ავტომობილი და თვეში 600 ლიტრი ბენზინი აქვთ.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ შემადგენლობამ თქვა, რომ პარტია 13 წელი ქვეყანას ძარცვავდა და ბოლო ერთი წელია კორუფციას ებრძვის. გოცირიძე ამას საკუთარი თავის ლუსტრაციას უწოდებს და ამბობს, რომ გუშინდელი სხდომიდან და დღევანდელი განცხადებებიდან ირკვევა, რომ ოპოზიციის ნათქვამი ზუსტი იყო. მისი შეფასებით, კორუმპირებული რეჟიმი საკუთარ დანაშაულებს გზადაგზა ავლენს.

წყარო: Interpressnews