პოლიტიკა

ფარულავა: სახელმწიფო ფოსტა და საწარმოები კორუფციული ინტერესების გამო არიან წაგებაზე

ფარულავა: სახელმწიფო ფოსტა და საწარმოები კორუფციული ინტერესების გამო არიან წაგებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, სახელმწიფო ფოსტა და საწარმოები კორუფციული ინტერესების გამო არიან წაგებაზე. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.

ფარულავას თქმით, საფუძველი საპარტნიორო ფონდის შექმნა იყო, რომელშიც ენერგეტიკული საწარმოები და რკინიგზა შევიდა, პრივატიზების ნაცვლად. მისი განმარტებით, არსებობენ შუამავალი კომპანიებიც, რომელთა მიზანი კონკრეტული ადამიანების „ჯიბეების ზრდაა“.

ფარულავამ განაცხადა, რომ „საქართველოს ფოსტა“, ისევე როგორც ყველა სახელმწიფო შპს და საწარმო, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში იყო. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფონდი შექმნა, მის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნა, მოადგილე კი უჩა მამაცაშვილი იყო. ფონდმა სახელი შეიცვალა და ახლა „საქართველოს ფონდი“ ჰქვია, თუმცა მის შემადგენლობაშია სახელმწიფო საწარმოები და შპს-ები, საგანელიძე კი კვლავ ხელმძღვანელია.

ფარულავას თქმით, ფოსტას აქვს საკურიერო სერვისი და საერთაშორისო გზავნილები. ფოსტა გადამზიდავ კომპანიებთან უნდა აფორმებდეს ხელშეკრულებას, რომელიც გზავნილს საზღვარგარეთ წაიღებს, თუმცა მათ შორის გაჩნდნენ შუამავლები. მაგალითად, მან მერაბ მეტრეველი დაასახელა, რომელიც, მისი განცხადებით, უბრალოდ იღებს ფასნამატს.

ფარულავამ ამავე სქემაზე ისაუბრა ენერგეტიკის სექტორშიც. მისი თქმით, 2019-2020 წლებში ენგურჰესის რეაბილიტაცია დაიწყო და საქართველომ, განსაკუთრებით ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, გაზარდა ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. ფარულავას თქმით, სწორედ მაშინ გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები, მათ შორის ზურაბ ნოღაიდელსა და სულხან პაპაშვილს რომ ეკუთვნის. „გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები, ფული წავიდა ზემოთ, ხოლო ტარიფი ხალხს გაეზარდა“, - თქვა მან და დასძინა, რომ 6 წლის განმავლობაში ელექტროენერგია 10 თეთრით გაძვირდა.

ფარულავას განცხადებით, ივანიშვილის სქემა იმაში მდგომარეობდა, რომ სახელმწიფო საწარმოებში „მისი კაცი“ ყოფილიყო. მისივე თქმით, ამ საკითხებზე კითხვების დასმის გამო უჩა მამაცაშვილმა ის და ვასო ურუშაძე უჩივლა. გრიგოლ ლილუაშვილმა ხაბეიშვილს ქოლ-ცენტრების თემაზე უჩივლა. ფარულავამ თქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში სასამართლოებში დაატარეს, დაჩქარებული წესით ცილისმწამებლებად გამოაცხადეს და 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს. მისი თქმით, წლების შემდეგ იმავეს ამბობს ირაკლი კობახიძე, რასაც ისინი ამხელდნენ.

ფარულავამ განაცხადა, რომ მათ სასამართლო პროცესებზე მოწმედ ზურაბ ნოღაიდელი იყო მოყვანილი. მისი თქმით, ასევე მოწმედ მოვიდა დავით ნარმანია, რომელმაც თქვა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი მისი პასუხისმგებლობა არ არის და ეს სხვა სახელმწიფო საწარმოების საქმეა.

ოპოზიციონერის თქმით, საჭიროა გამოძიება. „[დავით] ნარმანია სემეკში კი არა, პროკურატურაში უნდა იყოს და კითხვებს პასუხებს უნდა სცემდეს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ივანიშვილიც, საგანელიძეც და მამაცაშვილიც უნდა გამოიძიონ.

ფარულავას შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, „ერთის მხრივ, აღიარებაა და მეორეს მხრივ, სწორსაც ამბობს, მაგრამ ამას გამოძიება უნდა“. მისი თქმით, არავის დაჭერა არ უნდა, ისინი კი უნდა დააბრუნონ ის, რაც ხალხს მოპარეს. „არავის დაჭერა არ მინდა და ეს ჩემი საქმეც არ არის, ღარიბაშვილი რომ ციხეშია, დაგვიბრუნა ფული?“ - განაცხადა ფარულავამ.

წყარო: Interpressnews