პაპუაშვილი: ევროკომისია საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს იყენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიას საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს. განცხადება მან ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან სხედან, ევროკავშირის წარმომადგენლები კი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციულ გზას ირჩევენ.
„ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატი ქვეყნების მიმართ. სანამ ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია წარმოვიდგინოთ რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვსხედვართ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით, ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან ამ მაგიდასთან, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ - კონფრონტაციულ გზას ირჩევენ დიალოგის ნაცვლად. ესეც არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა. ევროკომისიას მთავარი ტაქტიკა აქვს გამოცხადებული ბევრი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიმართ - კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი. ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მოვიქცეთ ცივილიზებულად, ევროპულად, თუმცა სამწუხაროდ, იქიდან ვხედავთ საბჭოთა მეთოდებს, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ. მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ თავისი ქცევებიდან საბჭოური ქცევები ვერ ამოიღეს. როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომელიც საბჭოღა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი ზომით პატარა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ჩვეულებრივ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ - კონფრონტაცია, ესკალაცია, ზეწოლა, იძულება, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულებად, ევროკომისია იქცევა არაევროპულად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.











