პოლიტიკა

პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას სერბეთშიც დამარცხდებოდა და საქართველოშიც გამარჯვების შანსი არ აქვს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ პარტიებზე - არა თუ საქართველოში არ აქვთ გამარჯვების შანსი, სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ - არ არსებობს ვარიანტი, როცა ამ აგენტურულმა ძალამ წარმატება შეძლოს!

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში გამარჯვების შანსი არ აქვთ და სერბეთშიც რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ. განცხადება მან სერბეთის არჩევნებში ვუჩიჩის დამარცხების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

პაპუაშვილის თქმით, „პროპუტინისტური“ და „პრორუსული“ კლიშე ყალბი ნარატივია, რომლის სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებას ბრიუსელი ცდილობს. მისივე თქმით, გარეპოლიტიკური მიმართულებით უნგრეთის დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება იმ საკითხების გარშემო, რის გამოც ორბანს აკრიტიკებდნენ, დიდად არ შეცვლილა.

პაპუაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიმართ დასვა შეკითხვა: „რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რატომ ზეიმობდნენ ნეპალთან დაკავშირებულ მოვლენებს? რატომ ზეიმობდნენ უნგრეთს ან რატომ ზეიმობენ ახლა? - არც ნეპალელები არიან, არც უნგრელები და არც სერბები! ქართველებიც არ არიან - ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი, რასაც ჩვენ ვუყურებთ!“

პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ოპოზიციასთან შედარებაც გააკეთა. მისი თქმით, იქ ოპოზიციური ჯგუფი აქციებზე ხატებით გამოდიოდა, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ითხოვს და ამბობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არასდროს აღიარებული იქნება. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში კი ოპოზიცია ეკლესიას თავს ესხმის, ამბობს, რომ ბრიუსელის მითითებები უნდა შესრულდეს და აფხაზეთსა და ცხინვალს ტრავმას უწოდებს, რომელიც უნდა მოვიცილოთ.

მისი შეფასებით, პარალელების მოძებნას ოპოზიცია ტყუილად ცდილობს. პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოში სცადეს ჟურნალისტების, არასამთავრობოების და პარტიების რევოლუცია, ბოლოს კი უცხო ქვეყნების პოლიტიკოსებისა და ელჩების რევოლუცია 2024 წელს, მაგრამ არცერთი გამოვიდა. მისი განცხადებით, საქმე მეთოდებში კი არა, შინაარსშია და რადიკალური ოპოზიცია ეროვნული შინაარსისგან დაცლილია.

უნგრეთზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი პრორუსულობას, პროევროპულობას ან პროამერიკულობას არ ეხება. მისი თქმით, მადიარი ანტირუსული ან პროევროპული კი არა, პროუნგრული განწყობისაა და მოქმედებს ისე, როგორც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვისაა მნიშვნელოვანი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ