პოლიტიკა

ლემონჯავა: დროა, შეკავების რეჟიმიდან თავდასხმაზე გადავიდეთ

გიგა ლემონჯავა - არ არსებობს რეჟიმი, რომლის გამოც ბრძოლაზე ხელს ავიღებთ - დროა, შეკავებისა და თავდაცვის რეჟიმიდან გადავიდეთ თავდასხმაზე და ვაჩვენოთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი - ამ ქვეყნის პატრონი ხა

პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრძოლა არცერთი რეჟიმის გამო არ შეწყდება და დროა, შეკავებისა და თავდაცვის რეჟიმიდან თავდასხმაზე გადავიდნენ.

მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს ამ ქვეყანაში, ეს არის „რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“. ლემონჯავამ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეკრებას და მომავალ მოქმედებებს ლაიტმოტივად გასდევს ფრაზა „საქართველო ივანიშვილის გარეშე“.

ლემონჯავას განცხადებით, კრემლი საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარის დაკანონების საშუალებად იყენებს და საზოგადოებამ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა რუსული ჯარის დაკანონება საქართველოს ტერიტორიაზე და დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ერთიანობაზე.

„ჩვენ ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში და მათი ამოცანა არის მარტივი - მათ უნდათ, რომ გამოგვფიტონ, იმედი დაგვაკარგვინონ, სასოწარკვეთაში ჩაგვაგდონ და ბრძოლაზე ხელი აგვაღებინონ“, - განაცხადა ლემონჯავამ.

მისივე თქმით, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, ეს არ არის ხუთი პარტიის ან კოალიციის რეგისტრაციის გაუქმება, ეს არის ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს, რეგისტრაციის გაუქმება. ლემონჯავამ დასძინა, რომ ამ ყველაფრის შეჩერება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

„არ არსებობს რეჟიმი, რომლის გამოც ჩვენ ბრძოლაზე ხელს ავიღებთ. დროა, რომ შეკავებისა და თავდაცვის რეჟიმიდან გადავიდეთ თავდასხმაზე და ვაჩვენოთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი. ამ ქვეყნის პატრონი ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები“, - თქვა გიგა ლემონჯავამ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ