მსოფლიო

ტრამპი: რუსეთს მოლაპარაკების მაგიდიდან მოშორებას არ ვაპირებ, ზელენსკის ომის დასრულება არ სურს

ტრამპი: რუსეთს მოლაპარაკების მაგიდიდან მოშორებას არ ვაპირებ, ზელენსკის ომის დასრულება არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია: ის რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ სურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს, მისივე თქმით, სულელურად, მოლაპარაკების მაგიდას მოაცილებს.

ტრამპის თქმით: „მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის — მძევლებთან დაკავშირებულ მიმდინარე მოლაპარაკებებშიც! ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა სწორედ ამას გამოიწვევს; მე კი მისი ხელმოწერა შემიძლია მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა თავად მოვისურვებ! რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: რუსეთი ძალიან ცოტას (თუ საერთოდ რამეს) აკეთებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად - იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო. მსურს, ვითარება ასეც დარჩეს და ასეც იქნება, თუკი გზაზე სულელი ადამიანები არ გადამეღობებიან“.

ტრამპი ამტკიცებს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები მსოფლიო ბაზრებს სერიოზულ ზიანს აყენებს. მისი თქმით, ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს სამიზნედ იყენებს და იცის, რომ ეს დიზელის მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის აშშ-ის ბაზარსაც, აზიანებს.

ტრამპი წერს, რომ ამის გამო დიდად ზარალდებიან ფერმერები, მეცხოველეობით დაკავებული პირები და სხვადასხვა სახის ბიზნესი, რუსეთი კი, ამის მიუხედავად, მსოფლიოს მილიონობით ბარელ დიზელს დაბალ ფასად აწვდის. მისი თქმით, ზელენსკის ეს არ ადარდებს, თან ტრამპი ახსენებს თანხებს, რომლებსაც, მისი განცხადებით, ევროპა ურიცხავს ზელენსკის, და ფულს, რომელიც მას „თაღლითმა ჯო ბაიდენმა“ წარსულში მისცა.

ტრამპის განცხადებით, ზელენსკის ომის დასრულება არ სურს და, ალბათ, არც არასდროს სურდა: „ორი წლის წინ მას შეეძლო, ბევრად უკეთესი შეთანხმებისთვის მიეღწია, ვიდრე ახლა შეუძლია. მისი ქვეყანა ნანგრევებად არის ქცეული, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგული აქვს, ოკეანეებსა და ზღვებზე გასასვლელი აღარ აქვს, ხოლო მის ქვეყანაში მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია - დაჭრილები და/ან დაღუპულები არიან. მე მინდა, ეს ომი დასრულდეს!“

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ