პოლიტიკა

კოპალეიშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელი მტკიცებულებათა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

კოპალეიშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელი მტკიცებულებათა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა პარტიების აკრძალვის სარჩელი შეაფასა. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მან განაცხადა, რომ სარჩელი მტკიცებულებათა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და საკონსტიტუციო სასამართლოს ის დახარვეზებული უნდა ჰქონოდა.

კოპალეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ელოდა ორი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლას. ახალმა მოსამართლეებმა ფიცი რომ დადეს, იმავე დღეს სარჩელი პლენუმს გადაეცა იმ მოსამართლეთა კოლეგიიდან, რომელიც წესით საქმეს კარგად არ უნდა იცნობდეს. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.

მისივე ვერსიით, მმართველ პარტიას ეშინოდა, რომ ტუღუში, კვერენჩხილაძე და მანანა კობახიძე, და, როგორც ამბობენ, მეოთხე მოსამართლეც (სულ რვა მოსამართლეა), სარჩელის წინააღმდეგ წავიდოდნენ. ხმების გაყოფის შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა. კოპალეიშვილის თქმით, ახლა მათთვის სასურველი კადრი მოიყვანეს.

კოპალეიშვილმა განაცხადა: „სარჩელი არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურ პარტიებს რასაც ედავებიან, არის ის, რასაც თვითონ არღვევენ. სხვებს ედავებიან დემოკრატიის დარღვევა და ამის მაგალითად კონსტიტუციის მესამე მუხლი მოჰყავთ, ამ დროს კი ყოველ ნაბიჯზე თავად დემოკრატიის საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებენ. რაც ამ სარჩელში წერია, იმას სჭირდება მტკიცებულებებით გამყარება, მტკიცებულებათა სტანდარტი. სარჩელს რომ წაიკითხავთ, მტკიცებულებათა სტანდარტს კი არ აკმაყოფილებს, ჭორაობის დონეზეა წარმოდგენილი.“

მისი განმარტებით, სარჩელის წარმოებაში მიღებამდე სასამართლო ვალდებული იყო, ის დაეხარვეზებინა და მოსარჩელისთვის მოეთხოვა მტკიცებულებათა სტანდარტის დაცვა თითოეული პარტიის მიმართ თითოეულ ბრალდებაზე. კოპალეიშვილის თქმით, სარჩელის წარმოებაში მიღებისა და არსებითი განხილვის დანიშვნის საოქმო ჩანაწერის აღწერილობით ნაწილშიც სასამართლო „ქართული ოცნების“ რიტორიკას ერთი ერთში იმეორებს.

მისი თქმით, მოსარჩელე მტკიცებულებებზე პარლამენტის კომისიის დასკვნაზე მიუთითებს. ეს კომისია კი „ქართული ოცნების“ მიკერძოებულმა კომისიამ შექმნა და ჩამოაყალიბა, მას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა და შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ. კოპალეიშვილის შეფასებით, ამიტომ ეს დასკვნაც ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა სტანდარტს.

კოპალეიშვილმა დასძინა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთად უნდა დადგეს. მისი თქმით, საუბარია სოლიდარობაზე ქვეყნის ინტერესებისთვის და არა რომელიმე პარტიის მიმართ, რომელიც სარჩელშია დასახელებული.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ