ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ქუინი რაჯკოვსკის (VVD) ინიციატივას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივარი უნდა შეიტანოს.
ინიციატივა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლს ეფუძნება, რომელიც სახელმწიფოთაშორისი საჩივრის მექანიზმს ითვალისწინებს.
რაჯკოვსკის დასაბუთების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და პოლიციურ ძალადობას იყენებს. დოკუმენტის ავტორის შეფასებით, ეს მოვლენები იმ ტენდენციის ნაწილია, რომლის შედეგადაც საქართველო რუსული მოდელისკენ მიექანება.
ის ასევე მიუთითებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მსგავსი ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის მექანიზმი გამოიყენონ. რაჯკოვსკი ნიდერლანდების მთავრობას სთხოვს, ამ საკითხზე თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად იმოქმედოს.
პარლამენტის მიერ მთავრობისთვის მოწოდება არ ნიშნავს, რომ მისი შესრულება სავალდებულოა.









